სიახლეები და ღონისძიებები

ლიდერობა - მამუკა ხაზარაძე GAU-ში

ლიდერობა - მამუკა ხაზარაძე GAU-ში

სამშაბათი, 01 მარტი, 2016

აჩვენე კალენდარზე

1 მარტს (2016), GAU-ს საჯარო ლექციების ციკლი „GAU-ღე კარი გამოწვევებს'' საგაზაფხულო სემეტრში მამუკა ხაზარაძის სტუმრობით გაიხსნა და უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი დაესწრო.

ლექციის თემა „ლიდერობა, ლიდერის ფსიქოლოგია და თვისებები'' არაერთი წარმატებული ქართული და საერთაშორისო ბიზნესის დამფუძნებელმა საკუთარ ცხოვრებისეულ მაგალითებზე ააგო. მამუკა ხაზარაძემ GAU-ს სტუდენტებს თუ სტუმრებს გულწრფელად უამბო უკვე გავლილი და გასავლელი გზის შესახებ: „რასაც ახლა აქ ვიტყვი, არის ის, რაც გადამხდა, ეს არის ჩემი თავგადასავალი...'' - ასე დაიწყო საუბარი და სტუმარმა ის დრო გაიხსენა, როცა ინჟინერიის ფაკულტეტის დამთვრების შემდეგ კვლევით ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. მაშინ მამუკა ხაზარაძემ თავი საბჭოთა რეჟიმის ნაწილად იგრძნო და გაჩნდა პირველი პროტესტი, შეგრძნება, რომ ყველაზე ძვირფასი თავისუფლებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი - აკეთო ის, რაზეც ოცნებობ, რისიც გჯერა, რაც გიყვარს და რისი შედეგიც შენზეა დამოკიდებული. პირველი ბიზნეს მოდელი - სამხატვრო სალონი, პირველი იტალიური ფრენჩაიზინგი საქართველოში „ბატა'' და ბნელი 90-იანი წლებისთვის უჩვეულო საქციელი - მაღაზიის ვიტრინიდან დიდი რკინის გისოსების ჩამოხსნა - ეს თავისუფლებისა და გახსნილობის გამომხატველი აქტი სხვებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა და ჭავჭავაძეზე არაერთი ჯიხური თუ მაღაზია გათავისუფლდა გისოსებისგან.

ლიდერის თვისებები, რომლის ჩამონათვალიც ოცნებით, დიდი სურვილით, საკუთარი შესაძლებლობების რწმენით, გულწრფელობითა და სხვებისთვის სიკეთის მომტანი იდეებით იწყება, მოიცავს სწორი ადამიანების შერჩევასა და ჯანსაღი გუნდის შეკვრას. „ცხოვრება ადამიანების პოვნაა'' - თქვა მამუკა ხაზარაძემ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ლიდერზე საუბრისას აუცილებლად მოიზარება მისი ძლიერი, მოტივირებული და შთაგონებული გუნდიც. „ლიდერი არის ოპტიმისტი,'' ლიდერს აქვს იდეები, რომლებიც უძლებს წინააღმდეგობებს და რომლის გამოც ლიდერი ბოლომდე იბრძვის.

„არ მინდა გაშვებული შესაძლებლობების ქვეყანა ვიყოთ'' - რამდენჯერმე გაიმეორა სტუმარმა და GAU-ს საჯარო ლექციის მსმენელებს ახალი მეგაპროექტის შესახებ უამბო: „თქვენ პირველი აუდიტორია ხართ, ვისაც ამას ვეუბნები'' - ასე დაიწყო მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტზე - ღრმა წყლის პორტზე - საუბარი, რომელიც გარდა იმისა, რომ მასშტაბური ბიზნესი და უმარავი ადამიანის, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების წინაპირობაა, პოლიტიკური მნიშვნელობის ხიდად, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კარიბჭედ უნდა იქცეს.

ლექცია ტრადიციულად დისკუსიით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

იხილეთ ლექციის ვიდეო

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა