სიახლეები და ღონისძიებები

ონლაინ დებატების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

ონლაინ დებატების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

ოთხშაბათი, 19 მაისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა იწყებს ონლაინ დებატების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.

რა არის საგანმანათლებლო (ფორმალური) დებატები?

დებატები არის ფორმალური შეჯიბრება არგუმენტებით ორ გუნდს, ან ორ ადამიანს შორის. უფრო ფართო გაგებით, დებატები არის უმნიშვნელოვანესი იარაღი დემოკრატული და ღია საზოგადოების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. დებატების ხელოვნება მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სწავლებაში.

პროექტის კონკურსანტებს ჩაუტარდებათ პროფესიული მასტერკლასი, სადაც ისინი გაეცნობიან დებატების ხელოვნებასა და დებატების ჩატარების პრინციპებს კარლ პოპერის ფორმატის მიხედვით. მონაწილეები თეორიულ საკითხებთან ერთად, პრაქტიკოსი პროფესიონალებისგან მიიღებენ რეკომენდაციებს.

მასტერკლასისა და კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სკოლის მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ისინი შეძლებენ ორატორული ნიჭის გამომჟღავნებას, დებატების ხელოვნების წარმოჩენას, კრიტიკული აზროვნების გაღვივებასა და არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებას.

მონაწილეობის მიღება: 

  • იმისთვის, რომ გახდეთ პროექტის მონაწილე უნდა შექმნათ გუნდი. გუნდის წევრები უნდა იყვნენ ერთი და იმავე სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები;
  • ერთი სასწავლო დაწესებულებიდან შესაძლოა რამდენიმე გუნდის დარეგისტრირება;
  • გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლეებისგან;
  • გუნდი უნდა შედგებოდეს 3 ადამიანისგან;
  • შეავსეთ აპლიკაცია და ასევე გადაიღეთ დაახლოებით 1-2 წუთიანი ვიდეო, სადაც გასცემთ შემდეგ კითხვებზე პასუხს:
    - რატომ გსურთ დებატების კონკურსში მონაწილეობის მიღება? რა არის თქვენი მოტივაცია?
    - საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ 18 წელს მიღწეულ პირებს. თქვენი აზრით, უნდა დაწიოს თუ არა სახელმწიფომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ასაკობრივი ზღვარი? პასუხი დაასაბუთეთ.
  • ვიდეოში შესაძლებელია, რომ გუნდის მოტივიაციაზე საუბრობდეს/ჩანდეს ნებისმიერი გუნდის წევრი ან ყველა ერთად. თუმცა ვიდეოში გაცემული პასუხები უნდა წამროადგენდეს გუნდის საერთო პოზიციას;
  • აპლიკაციის შევსებისას გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს ატვირთვა. აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://gaudebatecompetition.paperform.co
  • რეგისტრაციის ბოლო თარიღი არის 1 ივნისის ჩათვლით.

ტურნირი შედგება 6 ეტაპისგან:

  1. კონკურსანტი გუნდების შერჩევა - გამოგზავნილ ვიდეოებზე დაყრდნობით საორგანიზაციო გუნდი შეარჩევს 12 საუკეთესო გუნდს. შერჩევის პროცესში ყურადღება მიექცევა გუნდის მოტივაციას პროექტში ჩართულობისთვის. შერჩეული გუნდების ვინაობა გამოვლინდება პირველი გაცნობითი შეხვედრის შემდეგ.
  2. რეგისტრირებულ მონაწილეებთან გაცნობითი შეხვედრა  - 4 ივნისი 
    4 ივნისს დარეგისტრირებულ გუნდებს ჩაუტარდებათ გაცნობითი შეხვედრა. 4 ივნისს 17:00 საათზე, GAU-ს სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი, პროფესორი ზაზა რუხაძე და GAU-ს ლექტორი რაულ აგიკიანი შეხვდებიან დარეგისტრირებულ გუნდებს. შეხვედრის ბოლოს გამოვლიდება 12 საუკეთესო გუნდი.
  3. მასტერკლასი კონკურსანტებისთვის - 6 ივნისი
    6 ივნისს 11:00 საათზე, კონკურსანტებს ჩაუტარდებათ მასტერკლასი. კონკურსანტები გაიყოფიან 2 ნაწილად და ერთმანეთის პარალელურად GAU-ს ლექტორი რაულ აგიკიანი და დავით შერვაშიძე ჩაატარებენ მასტერკლასს დებატების კონკურსთან დაკავშირებით. პროექტში ჩართლ ყველა მონაწილეს, რომლებიც დაესწრებიან მასტერკლასს გადაეცემათ სერტიფიკატი.
  4. ჯგუფური ეტაპი - 13 ივნისი: 
    13 ივნისს, 11:00 საათზე, ზუმის მეშვეობით ჩატარდება ჯგუფური ეტაპი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდება 4 გუნდი, რომელიც გადავა ნახევარფინალში.  ასევე, გამოვავლენთ 5 TOP  სპიკერს, რომლებსაც გადაეცემათ სერტიფიკატი და ბრენდირებული საჩუქრები.
  5. ნახევარფინალი  - 20 ივნისი:
    20 ივნისს, 11:00 საათზე, ზუმის მეშვეობით ჩატარდება ორი ნახევარფინალი რომლის ფარგლებშიც გამოვლინდება 2 ფინალისტი გუნდი.
  6. ფინალური ეტაპი - 27 ივნისი:
    27 ივნისს, 11:00 საათზე, ჩატარდება ფინალური ეტაპი, ზუმის პლატფორმაზე.

საპრიზო ფონდი:

  • პირველი ადგილის მფლობელ გუნდს გადაეცემა:
    - 1000 ლარი ფულადი პრიზი;
    - 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;
  • მეორე ადგილის მფლობელს გადაეცემა:
    - 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში.
    - ბრენდირებული საჩუქრები;

გისურვებთ წარმატებას!

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა