GAU-მ გერმანიის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (PTB) პუბლიკაციის პრეზენტაციას უმასპინძლა
პარასკევი, 19 ივნისი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლამ გერმანიის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (PTB) პუბლიკაციის -„ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა: ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“ - ქართული ვერსიის პრეზენტაციას უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა აუდიტორიას გააცნეს ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა და მისი როლი თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაში. განხილული იყო ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების გავლენა პროდუქციისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იმ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ხარისხის სტანდარტების დანერგვასა და მათი ეფექტიანობის უზრუნველყოფას ემსახურება.
პუბლიკაციის ქართული ვერსია მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და პრაქტიკული რესურსი იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ისე ხარისხის მართვის, სტანდარტიზაციისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხარისხის კულტურის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას განათლებისა და პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით.