GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE - FINEDU იწყება
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) მასშტაბურ საუნივერსიტეტო კონკურსს UNI4VERSE იწყებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ უნივერსიტეტს აერთიანებს.
წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა FINEDU - ფინანსური განათლება. პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გუნდურად შექმნან ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები ფინანსურ სფეროში არსებული რეალური გამოწვევებისთვის.
კონკურსის ძირითადი გამოწვევებია:
- ფინანსური სერვისების ინტეგრაცია - ახალი ფინანსური ტექნოლოგიების არსებულ სისტემებთან ინტეგრაციისა და მომხმარებლისთვის ოპტიმალური სერვისების შერჩევის გამარტივება;
- გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვა - ინვესტიციებთან, საპენსიო დანაზოგებსა და სხვა გრძელვადიან ფინანსურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული პროცესების გამარტივება;
- ფინანსური უსაფრთხოება - ფინანსური თაღლითობისა და კიბერდანაშაულის რისკების შემცირებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შექმნა;
- ყოველდღიური ფინანსების მართვა - ხარჯების მართვის, ბიუჯეტირებისა და მიზნობრივი დანაზოგის შექმნის ხელშეწყობა;
- მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები - მცირე ბიზნესებისთვის ფულადი ნაკადების (Cash Flow) წინასწარი ანალიზისა და ფინანსური რისკების მართვის ინსტრუმენტების შექმნა.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
UNI4VERSE – FINEDU-ში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ფაკულტეტის 17 წლის და უფროსი ასაკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ გუნდურად. გუნდი უნდა შედგებოდეს 2-4 სტუდენტისა და ერთი მენტორისგან. შიდა კონკურსის შედეგად თითოეული უნივერსიტეტიდან გამოვლინდება ერთი საუკეთესო გუნდი, რომელიც უნივერსიტეტს კონკურსის ფინალურ ეტაპზე წარადგენს.
კონკურსის ეტაპები
კონკურსის ფარგლებში უნივერსიტეტებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, ფინანსური განათლების ტრენინგები და იდეების გენერირების ვორქშოფები. მონაწილეები ასევე ჩაერთვებიან ონლაინ სესიებში, სადაც იმუშავებენ იდეების დახვეწასა და Pitch Deck-ის მომზადებაზე.
26–30 ოქტომბერს ფინალისტებისთვის გაიმართება ინტენსიური ტრენინგები AI/ML-ის, Software Development-ისა და ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით. მონაწილეები მიიღებენ მენტორულ მხარდაჭერას და FabLab-ში საკუთარი იდეების პროტოტიპებზე იმუშავებენ.
კონკურსის დასკვნითი Demo Day 2 ნოემბერს თბილისის ტექნოპარკში გაიმართება, სადაც გუნდები შექმნილ პროტოტიპებსა და იდეებს ჟიურის წინაშე წარადგენენ.
პრიზები
კონკურსის გამარჯვებული სტუდენტური გუნდი გაემგზავრება საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენცია Web Summit-ზე. კონკურსის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია 20 000 ლარის ოდენობის გრანტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.
რეგისტრაცია UNI4VERSE – FINEDU-ზე
პროექტს ახორციელებს ინოვაციური განათლების ფონდი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.