სიახლეები და ღონისძიებები

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი (IYNT) 2021

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი (IYNT) 2021

ხუთშაბათი, 08 აპრილი, 2021

აჩვენე კალენდარზე

"ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი (IYNT), მსოფლიო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის წახალისებას ემსახურება. ტურნირი, პირველად საქართველოში, 2019 წელს ქართულ-ამერიკული უნივერისტეტისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართა. 

წლევანდელი სეზონი ჩატარდება ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის ორგანიზებით და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

 • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 აპრილი - https://forms.gle/SEeM4TGxX3ks9LLD8 

კონკურსის პრეზენტაცია: დეტალური ინფორმაციის მოწოდების მიზნით, 19 აპრილს, 15:30 სთ- ზე სკოლების წარმომადგენლებს გიწვევთ აკად. ი. ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე სკოლის სააქტო დარბაზში (ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია ეს შეხვედრა გაიმართოს დისტანციურად, ZOOM-ის მეშვეობით).

გუნდის ყველა წევრის დასწრება სავალდებულო არ არის. სასურველია გუნდიდან ან სკოლიდან დაესწროს  ერთი წარმომადგენელი მაინც.

პროექტის მოკლე აღწერილობა: ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი (ზოგადად ტურნირი, მაგალითად, ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი)  ოლიმპიადებისგან განსხვავებული, ინტელექტუალური კონკურსია სკოლის ასაკის მოსწავლეებისათვის. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების უნარს წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია,  ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა) დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და  შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში. ტურნირი მოსწავლეებს ეხმარება გუნდური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. შემოთავაზებული დავალებები  ეხება ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა ტურნირის მონაწილეებისგან ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს.  

• ტურნირის მონაწილე შეიძლება იყოს 17 წლამდე ასაკის (კონკრეტული პერიოდისთვის ის მოსწავლე, რომელსაც 17 წელი შეუსრულდება 2022 წლის 1 იანვარს ან უფრო გვიან, თუმცა ამ წესისგან შეიძლება გამონაკლისის დაშვება) საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლე.
• ტურნირში მონაწილე სკოლამ უნდა წარმოადგინოს ერთი გუნდი, რომელიც შედგება არაუმეტეს 6 წევრისაგან, მაგრამ შეიძლება იყოს 4 ან 5 წევრიც. ტურნირის დებულების თანახმად თითოეულ გუნდს ჰყავს 1 ან 2 ხელმძღვანელი და კაპიტანი (კაპიტანს ირჩევენ გუნდის წევრები მათივე რიგებიდან).
• ტურნირი მოიცავს ორ ფაზას: მოსამზადებელი პერიოდი და პრეზენტაცია;
• მოსამზადებელი პერიოდი (თეორიული + ექსპერიმენტული) გრძელდება 45 დღე;
• პრეზენტაცია მოიცავს 5 ტურს: შესარჩევი (2-3 დღე) ნახევარფინალი (ერთი დღე) და ფინალური (ერთი დღე);
• ტურნირის თითოეული ტური ტარდება სამ ეტაპად, სადაც ერთდროულად მონაწილეობს სამი გუნდი.
• პირველ ეტაპზე ერთ-ერთი გუნდის (პირობითად პირველი გუნდი) წევრი აკეთებს წინასწარ ცნობილი 10 ამოცანიდან ერთ-ერთის პრეზენტაციას დანარჩენი ორი გუნდის წევრების, მათი ხელმძღვანელების, წინასწარ შერჩეული ჟიურისა (4-6 წევრი) და დამსწრე საზოგადოების წინაშე, რისთვისაც მას ეძლევა ტურნირის რეგლამენტით გათვალისწინებული გარკვეული დრო (მაგალითად, 8 წუთი). მოხსენების შემდეგ დგება მეორე გუნდის წევრის ჯერი, რომელიც ოპონენტს წარმოადგენს. ოპონენტი მომხსენებელს უსვამს მის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის ან ზოგადად თემის გარშემო კითხვებს და შემდგომ იწყება მათ შორის დისკუსია  რეგლამენტით გათვალისწინებული დროის განმავლობაში (მაგალითად 4 ან 5 წთ).

დისკუსიის დასრულების შემდეგ მესამე გუნდის ერთერთი წევრი გამოდის რეცენზენტის როლში - იგი უსვამს კითხვებს როგორც მომხსენებელს, ასევე ოპონენტს (აუცილებლობის შემთხვევაში) და ამის შემდეგ უკეთებს თითოეული გუნდის (მომხსენებელი, ოპონენტი) გამოსვლის რეცენზიას (ამისთვის მას ეძლევა 3-4 წუთი). ბოლოს ხდება ყველა გამოსვლის შეჯამება ჟიურის მიერ - ჟიურის წევრები ჯერ უსვამენ კითხვებს თითოეულ გამომსვლელს (დაახლ.  3-4 წუთის განმავლობაში), შემდეგ კი საჯაროდ იძლევიან შეფასებებს (მომხსენებლის მაქსიმალური შეფასებაა 30 ქულა, ოპონენტის - 20, რეცენზენტის -10). ამის შემდეგ მცირე დროით (10-12 წუთი) შესვენების შემდეგ ტურნირი განახლდება ისე, რომ მეორე ეტაპზე როლები იცვლება: მომხსენებელი ხდება რეცენზენტი, ოპონენტი - მომხსენებელი, რეცენზენტი კი- მომხსენებელი და ასე შემდეგ. ტურის განმავლობაში გუნდების როლების განაწილების თანმიმდევრობა მოცემულია ცხრილში:

გუნდები
I ეტაპი
II ეტაპი
III ეტაპი
გუნდი 1
მომხსენებელი
რეცენზენტი
ოპონენტი
გუნდი 2 ოპონენტი
მომხსენებელი
რეცენზენტი
გუნდი 3 რეცენზენტი
ოპონენტი
მომხსენებელი


• ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობის შესაბამისად უნდა მოხდეს მათი სამეულებად დაყოფა: ექვსი გუნდის შემთხვევაში ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება სამივე ეტაპი ორ ჯგუფში, ცხრა გუნდის შემთხვევაში სამში და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ გუნდების რაოდენობა განსხვავებული აღმოჩნდება სამის ჯერადისგან, გამოყენებული იქნება 4-ეულების პრინციპი, სადაც თითო ეტაპზე თითო გუნდი თანმიმდევრულად აღმოჩნდება დამკვირვებლის როლში.

ორგანიზატორი: ილია ვეკუას სახელობის სკოლა
პარტნიორი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

საპრიზო ფონდი: 
• პირველ ადგილზე გასული გუნდს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან გადაეცემა ფულადი პრიზი 500  ლარის ოდენობით.
• პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერი 1000 ლარის ოდენობით განსაკუთრებული შესაძლებლობა: ტურნირის ფარგლებში საქართველოს ნაკრების დაკომპლექტების მიზნით შეირჩევა 6 კონკურსანტი, რომელიც უკვე საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.  

საკონტაქტო ინფორმაცია:  
• თემურ გაჩეჩილაძე - 577 33 56 16
• გიორგი ხომერიკი - 571 19 08 98

წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებთ პროექტში მონაწილე გუნდებს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა