სიახლეები და ღონისძიებები

ფესტივალი "GAUზიარე 33 ემოცია"

ფესტივალი "GAUზიარე 33 ემოცია"

კვირა, 14 აპრილი, 2019

აჩვენე კალენდარზე


14 აპრილს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ორგანიზებით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ერთდღიანი ფესტივალი “GAUზიარე 33 ემოცია“.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სიმბოლური მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნისკენ, სადაც მონაწილეებმა ჰაერში გაუშვეს ჰელიუმის ბუშტები, რომლებზეც დატანილი იყო ქართული ასოები. აქცია სიმბოლურად ეხმაურებოდა საბჭოთა პერიოდს, როდესაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს და 1978 წელს დედაენის დასაცავად ქუჩაში სწორედ სტუდენტები, საზოგადო და კულტურული მოღვაწეები გამოვიდნენ.

ფესტივალი გაგრძელდა მწერალთა სახლში. ღონისძიება გახსნა ანსამბლმა რუსთავმა საქართველოს ჰიმნით; ამის შემდეგ გაიმართა საჯარო ლექციები ქართული ენის შესახებ: ჩვენი სტუმრები იყვნენ მწერალი დათო ტურაშვილი, რომელმაც  ქართული ენა  ისტორიული რაკურსით განიხილა, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელმაც შემოგვთავაზა ლექცია, თემაზე „ენა და ფსიქიკა“. ასევე, ჩვენი სტუმარი იყო მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა, რომელიც სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა ლანჩხუთიდან და დამსწრე საზოგადოებას საკმაოდ საინტერესო და სახალისო თამაში შესთავაზა.

დღის მეორე ნახევარში შედგა ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება, მათ გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტმა სანდრო ჩემინავამ დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა თემატური თამაში ბარბარიზმებზე, რომელიც ქართული შესატყვისების ენაში დამკვიდრების წახალისებას ემსახურებოდა.


დღის მეორე ნახევარში გაიმართა ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია. სპეციალურად ამ დღისთვის გამომცემლობამ „პალიტრა L” დამსწრე საზოგადოებას წიგნებზე ფასდაკლება შესთავაზა. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტენდი, სადაც სპეციალურად სტუმრებისთვის შეიქმნა წერილები ქართველი კლასიკოსების კალიგრაფიული შრიფთით.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა წიგნებისა და ანბანთან დაკავშირებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. დღეს კი მუსიკალურად აფორმებდა GAUბენდი!

ფესტივალის მიზანი გახლდათ ქართული ენის მნიშვნელობის ხაზგასმა და იმ საერთო ღირებულებების აღნიშვნა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვიცავს და გვაძლიერებს, განგვასხვავებს სხვა ერებისგან და ქმნის განსაკუთრებულ კულტურულ მემკვიდრეობას.

ფესტივალის სპონსორები და პარტნიორები: მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts, Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L, Askaneli Brothers · ასკანელი ძმები, სოციალური საწარმო "ერთად" - Social Enterprise "Ertad", ჩუ, კოდალა, ნუკრიანის სახელოსნოები nukriani workshops, აი კუბი ai kubi, Tbilisi Green School - თბილისის მწვანე სკოლა.



სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა