სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ინტერვიუ - ელდინო გოგოჭური

გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ინტერვიუ - ელდინო გოგოჭური

პარასკევი, 07 აგვისტო, 2020

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლის სტუდენტი, ელდინო გოგოჭური Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში იმყოფებოდა ესპანეთში, კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტში (University of Castilla-La Mancha).

1. მოგვიყევით როგორ გაიგეთ ჩვენი გაცვლითი პროგრამის შესახებ, რამ მოგხიბლათ (ადგილმა, უნივერსიტეტმა თუ სხვა ფაქტორებმა)?

ალბათ, ყველას გვაქვს ისეთი მომენტი, როცა გვინდა ცხოვრებაში რაღაც შევცვალოთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. როდესაც გადავწყვიტე, რომ სიახლე მჭირდებოდა და შესაძლო ვარიანტების ძიებაში ვიყავი, GAU-ს ვებგვერდზე გადავაწყდი ერასმუს+ გაცვლით პროგრამას ესპანეთში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროგრამა ჩემთვის იყო და ეს შესაძლებლობაც ხელიდან არ გამიშვია.

2. რა პროცესები გაიარეთ ამ პროგრამაში ჩართვისთვის, როგორი იყო უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა, მზაობა, ღიაობა და რამდენად მარტივი ან რთულია GAU-ს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა ჩვენივე სტუდენტებისთვის.

მოცემულ პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო იყო 3 ძირითადი ეტაპის წარმატებით გავლა: 1) მონაწილის დოკუმენტების CV-სა და სამოტივაციო წერილის განხილვა, 2) ინტერვიუ და ბოლოს  3) მიმღები უნივერსიტეტის დასტური.

შესარჩევი ეტაპი სრულიად გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდა. სირთულეს რაც შეეხება, ეს ალბათ მონაწილეზეა დამოკიდებული რამდენად რთულად თუ მარტივად მიიღებს მსგავს გამოწვევას. ჩემი გადმოსახედიდან, ნამდვილად არაა რთული, თუ შენ  ხარ სწორი კანდიდატურა მოცემული პროგრამისთვის. ვგულისხმობ, თუ რამდენად მზად ხარ ყველა ეტაპის გადალახვისთვის და შემდგომი სირთულეების დაძლევისთვის, რაც თან ახლავს მსგავს გამოცდილებას.

3. რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რისი მომტანია ეს გამოცდილება სტუდენტისთვის?

ზემოთაც აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, ეს არის ძალიან მაგარი შესაძლებლობა ცვლილებისთვის, განვითარებისთვის, საკუთარი  ღირებულებების გადაფასებისთვის, ახალი ცოდნის მიღებისთვის.

4. რამდენად განვითარდა თქვენი კარიეული წინსვლები, ცოდნა. გაგვიზიარეთ გამოცდილება.

არ ვიცი, საიდან დავიწყო ამხელა გამოცდილების გაზიარება. ამ პროგრამამ საშუალება მომცა მესწავლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში. გავეცანი განათლების მიღების განსხვავებულ მეთოდიკას, დავეუფლე ახალ ენას. 6 თვის განმავლობაში ჩართული ვიყავი მიმღები უნივერსიტეტისა თუ ერასმუს+ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და აქტივობებში. პროფესიული ცოდნის გაღრმავების გარდა, ეს გულისხმობს განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების შეცნობას, ხვდები ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რაც უფრო მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებაში გეხმარება.

5. რა იყო ყველაზე საინტერესო იმ უნივერსიტეტში, რისი გაზიარებაც ან დანერგვაც გსურთ ჩვენთან, GAU-ში?

ნამდვილად იყო მიმღებ უნივერსიტეტში ბევრი საინტერესო განსხვავება  სწავლების კუთხით, სიახლეების დანერგვაც სასიამოვნოა, თუმცა ვთვლი, ახლა უკეთ დავინახე, თუ რამდენად სრულყოფილია განათლების მიღების ის დასავლური ფუნდამენტი, რაზეც GAU დგას და ჩვენი „დიდი ოჯახის“ ერთ-ერთი უდიდესი ღირსებაა.

6. გაიხსენეთ ყველაზე უცნაური, fun, გასაკვირი ან საინტერესო ამბავი რაც იქ გადაგხდათ.

უამრავი ასეთი ამბავი იყო, რამაც დაუვიწყარი მოგონებები დამიტოვა.

7. რას ურჩევთ სტუდენტებს, ვინც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე ფიქრობენ/უნდათ/აპირებენ?

მათ ალბათ ვეტყოდი, რომ თუ ერთხელ მაინც უფიქრიათ მსგავს პროგრამაში მონაწილეობაზე, დრო არ დაკარგონ. აქვე ერთ ფრაზას მოვიყვან, რომელიც ჩემთვის კარგი მოტივატორია მსგავს სიტუაციებში: "Believe you can and you are halfway there”.

8. რას გვეტყვით უნივერსიტეტის პროფესორებზე? გარდა მათი კვალიფიკაციისა,როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ სტუდენტებთან? მაგალითად, მზად იყვნენ აღმოეჩინათ დახმარება და გაეცათ პასუხები თქვენს შეკითხვებზე? მეგობრულები იყვნენ?

იმაზე თბილი გარემო დამხვდა, ვიდრე ველოდი. გესმით ალბათ, რთულია ორენოვანი სწავლება, შესაბამისად ლექტორებს ხშირად უწევდათ დამატებითი დროის გამოყოფა და შეხვედრების დანიშვნა, მასალების მომზადება  სპეციალურად ჩვენთვის. ამ ყოველივეს ისინი უყოყმანოდ და დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ.

9. მოგვიყევით სტუდენტურ ცხოვრებაზე, რა აქტივობები ხორციელდებოდა ამ მხრივ უნივერსიტეტში  და როგორი იყო თქვენი ჩართულობა?

ხშირად იმართებოდა საერთაშორისო სტუდენტების შეხვედრები, საღამოები, კონცერტები, ექსკურსიები.

10. ალბათ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩასული სტუდენტები გაიცანით,  რა მოგცათ ამ კულტურულმა მრავალფეროვნებამ? ადვილად დაამყარეთ ურთიერთობები? ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?

ახალი ურთიერთობები, სხვა ქვეყნების კულტურისა თუ სხვა თავისებურებების შეცნობა ყოველთვის ენთუზიაზმით მავსებს, შესაბამისად ძალიან გამდიდრდა ჩემი სანაცნობო წრეც და მსოფლმხედველობაც შემეცვალა გარკვეული კუთხით.

11. იყო თუ არა ინტერესი საქართველოსა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიმართ სტუდენტების ან პროფესორების მხრიდან?

ინტერესი ნამდვილად იყო, ხშირად ჩნდებოდა კითხვა თუ რა კავშირი აქვს GAU-ს განათლების მიღების დასავლურ  სისტემასთან, ასევე იმასაც აღნიშნავდნენ, რომ სახელის გაგონებისას, მიუხედავ იმისა, რომ არ იცნობენ ჩემს უნივერსიტეტს მაინც ცნობილი იყო მათთვის თუ განათლების რა ინსტიტუტზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, ამის ცოცხალი მაგალითები კი GAU-დან  ჩასული სტუდენტები იქ ვიყავით. საქართველოს იმაზე უკეთ იცნობდნენ, ვიდრე წარმომედგინა, ბევრი მათგანი ნამყოფიც კი იყო.

12. შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ის ძირითადი ფაქტორები, რითიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ პროგრამის ფარგლებში შეძენილი გამოცდილება?

პიროვნული განვითარება, მსოფლმხედველობის შეცვლა, სანაცნობო წრის გაზრდა და ასე შემდეგ.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა