2026 წლის 21–25 სექტემბერს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ლექტორმა ირმა ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო EKA University of Applied Sciences-ის მიერ ორგანიზებულ Erasmus+ Staff Training Week-ში – „EKA Research Week “, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.
პროგრამა მოიცავდა კვლევით და აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ლექციებს, ვორქშოფებსა და პრაქტიკულ სესიებს. მონაწილეები გაეცნენ კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ნეირომარკეტინგის ლაბორატორიულ პრაქტიკას, ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებულ კვლევით ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტებს. კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორებთან, რაც მონაწილეებს კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური პუბლიკაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევდა.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მსგავსი მობილობები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე კვლევითი მიდგომების გაცნობასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორული კავშირების გაძლიერებას.