სიახლეები და ღონისძიებები

გალიაში მომწყვდეული ჩიტი - მაკა ნათელაურის ბლოგი

გალიაში მომწყვდეული ჩიტი - მაკა ნათელაურის ბლოგი

ხუთშაბათი, 31 მარტი, 2016

აჩვენე კალენდარზე

იმ დღეს ფეისბუქზე ,,გიფ"-ს წავაწყდი, რომელშიც თავისუფლების ქანდაკება ტანზე შემოხვეულ კვართს იხდიდა და სტრიპტიზს ცეკვავდა... თავიდან გიჟივით ავხარხარდი, თუმცა მხიარულებამ რომ გამიარა, ,,გიფ"-ის ქვეტექსტი ჩემებურად გავშიფრე. ამ სახუმარო კადრმა, გამასხარავებულმა თავისუფლების ქანდაკებამ, ერთ რამეზე დამაფიქრა: ზოგჯერ ჩვენ, ადამიანები, (ან უკეთ, ქართველები) თავისუფლებას რატომღაც აგდებულად ვუყურებთ და ის თავზე ხელის აღება, უხამსი გრძნობების გაშიშვლება გვგონია. 

ახლობლებისგანაც რამდენჯერ გამიგია: ,,გიჟი თავისუფალია", (თითქოს თავისუფლება ფსიქიკური აშლილობის სიმპტომი იყოს) ,,ახალგაზრდები სწორედ თავისუფლებამ გარყვნა", ,,ევროპა და თავისუფლება არ ვიცი მე, ჩვენ ქართველები ვართ და ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ქართველებს შეჰფერით!.." და კიდევ მრავალი სხვა ფრაზა, რომლებიც კიცხავს თავისუფლებას და ისეთ შთაბეჭდილებას ჰქმნის, თითქოს თავისუფლება შავი ჭირი ან სხვა დამღუპველი სენი იყოს! 

ქართულ საზოგადოებაში არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მეორე უკიდურესობაში ვარდებიან და ჰგონიათ, რომ თავისუფლება სხვისი ინტერესების გაუთვალისწინებლობას და მხოლოდ საკუთარ ნება-სურვილზე სიარულს ნიშნავს! ალბათ, ამიტომაც ხდება, რომ ღამის პირველ, ორ საათზე, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას სძინავს, ჩვენს დედაქალაქში ფეიერვერკების ხმა და ხმამაღალი მუსიკის ჰანგები გაისმის ხოლმე. ქუჩაში არსებულ პანდუსებზე კი, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არის განკუთვნილი, მანქანის მძღოლები ჯიპებს აყენებენ და ეტლით მოსარგებლეებს გზას უკეტავენ - ამ თავისუფლებით სხვის თავისუფლებას არღვევენ, რაც უკვე აღარაა თავისუფლება! 

გამოდის, რომ ვინაიდან და რადგანაც ქართველებს ოქროს შუალედის პოვნა გვიჭირს, ჩვენ ამ თვისებას თავისუფლებისადმი დამოკიდებულებაშიც ვამჟღავნებთ - თავისუფლება ან გვძულს ან კიდევ საკუთარი „თავისუფლება“ იმდენად გვიყვარს, რომ სხვისი თავისუფლება გვავიწყდება!
იმ დღეს ეს ფიქრები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მიმყვა, სადაც ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებულიყო.

ლექციამ სახელწოდებით ,,თავისუფლება" მე-200 აუდიტორიაში არც თუ ისე მცირე საზოგადოება შეკრიბა, მსენელთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ ლექციის ორგანიზატორებმა აუდიტორიის კარი ღია დატოვეს, სკამები აუდიტორიის გარეთაც დადგეს და ზოგ მსმენელს ლექციისთვის თვალყურის დევნება გარედან უწევდა. დადებითად აღვიქვი ის ფაქტი, რომ ამდენ ადამიანს სურდა გაეგო, თუ რა არის თავისუფლება, ანუ სადღაც ქვეცნობიერში იმასაც აღიარებდა, რომ ეს ვითომდა მოყირჭებული, დაღეჭილი თემა ჯერ კიდევ ამოუცნობია და ამ თემაზე მეტი ფიქრი გვჭირდება, რაც, ჩემი აზრით, უკვე კარგია.

,,უზომოდ მიყვარს ჩემი თავისუფლება, ამიტომ ისეთს არაფერს მოვიმოქმედებ, რომ შევზღუდო სხვისი თავისუფლება.“ (მაჰათმა განდი) ,,თავისუფლებას ფასი არ აქვს, თუ ადამიანებს შეცდომის დაშვების თავისუფლება არ ეძლევათ.” (მაჰათმა განდი), ,,თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს." (ოტო ფონ ბისმარკი). ქალბატონმა ნათიამ თავისი ლექცია ამ და სხვა ცნობილი ადამიანების ფრაზებით დაიწყო, საინტერესო საუბრის შემდეგ კი განაცხადა, რომ აჯობებდა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელებულიყო. ასეც მოხდა...
ყველაზე მეტად მეორე კითხვა მომეწონა, მეახლოვა (ალბათ, იმიტომ, რომ იგივე კითხვა მეც გამჩენია), რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: გალიაში გამომწყვეული ჩიტი თავს თუ კარგად, ბედნიერად გრძნობს, გალიის კარი უნდა გავუღოთ და ცაში ფრენა ვაიძულოთ, თუ უმჯობესია თავი გავანებოთ და თავისებური ბედნიერებით ტკბობა ვაცალოთ? (ამ კითხვაში ავტორმა, რა თქმა უნდა, ადამიანი იგულისხმა). პასუხად ქალბატონმა ნათიამ ფილმი ,,პეპელა" და მისი პერსონაჟი, ლუის დეგა გაიხსენა, რომელმაც აბორიგენული კუნძულიდან თავის მეგობართან ერთად გაქცევაზე და ზღვის გადაცურვაზე უარი თქვა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ჩაკეტილ კუნძულზე ტყვეობაში ცხოვრება ამჯობინა. შემდეგ კი სტუმარმა კითხვის ავტორს უთხრა, რომ მთავარია თვითონ ,,ჩიტი" იყოს ბედნიერი და მნიშნელობა არ აქვს ის გალიაში იქნება თუ ცხოვრებას ცაში ფრენით გაილაღებს. 

ლექციას ზუსტად ისეთივე საინტერესო გაგრძელება ჰქონდა, როგორც დასაწყისი. ის მთელი საათნახერვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც GAU-ღე კარი გამოწვევებს ლექციების ციკლს სჩვევია, აუდიტორიაში საინტერესო კითხვებს კიდევ უფრო საინტერესო პასუხები მოჰყვა და საბოლოო ჯამში ბრწყინვალე შეხვედრა გამოვიდა. ფსიქოლოგთან საუბარი სოციალურ საკითხებსაც შეეხო. 

ლექციის ბოლოს ერთერთმა დამსწრემ, ქალბატონ ნათიას ყვავილების თაიგული მიართვა.. მან იხუმრა და თქვა: თაიგული პატარძალივით მიჭირავს, თუ ნებას მომცემთ, ჰაერში ავაგდებ და ვინც დაიჭერს თავისუფლებაც იმასო! ასეც გავაკეთეთ. არ ვიცი, ეს დალოცვილი თაიგული ვის ერგო, თუმცა ერთი რაღაც კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: პატარძლის თაიგულისგან განსხვავებით ამ თაიგულის დასაჭერად ხელს ყველა სიამოვნებით გაიშვერდა (მათ შორის ბიჭებიც).

სახლისკენ მიმავალი მანქანიდან ტრანსპორტით გადაჭედილ ქუჩებს გავყურებდი და ვფიქრობდი... ჩემი გონება ისევ ,,გალიაში მომწყვდეულ ჩიტს" დასტრიალებდა, რომელსაც გალიაში ყოფნა ბედნიერებად ესახება. ამ ,,ჩიტში" ბევრი ქართველი ამოვიცანი: ქართველი ცოლი, (რომელსაც ქმარი სამუშაოდ სახლიდან არ უშვებს და მისგან მხოლოდ სადილის მომზადებას და პერანგის გაუთოებას მოითხოვს), ქართველი „ბავშვი“ (რომელიც კარგა ხანია ბავშვობის ასაკიდან გამოვიდა, თუმცა მის ცხოვრებას მაინც მშობლები განაგებენ), ქართველი მეზობელი (რომლის ცხოვრებასაც მეორე მეზობელი გაფაციცებით უთვათვალებს და ცხვირს ყოფს ყოველ ნაბიჯში), ყველა გალიაში მომწყვდეულ ჩიტად აღვიქვი. ჩემდაუნებურად სინანულის გრძნობამ შემიპყრო, დამენანა ეს ,,ჩიტები" რომლებიც ტყვეობისთვის არიან განწირულნი, დამენანა, ვინაიდან მათ ყველას ფრენის, ცაში განავარდების შანსი მიეცათ, მაგრამ ეს შანსი ვერ ან არ (!) გამოიყენეს და ფრთების გაშლას არც კი ეცადნენ. ამ ფიქრს შეკითხვა მოჰყვა, ნუთუ შეუძლებელია კაცობრიობამ რამე მოიმოქმედოს იმისთვის, რომ დატყვევებული ჩიტი აღარ არსებობდეს და ყველა ჩიტმა ცაში გაინავარდოს?
ამ დროს ჩემი მეორე მე გამომეხმაურა;
- შეუძლებელი არაფერია!
- ოო, როგორ მომბეზრდა ეგ შენი მშრალი, გახუნებული ფრაზები.-წავებუზღუნე საკუთარ თავს.
- ეს ფრაზა არასდროს გახუნდება. - მითხრა სიცილით.
- მაშინ მითხარი, ,,ჩიტების" ხსნა რაშია?
- გალიების არარსებობაში! ანუ სხვაზე ბატონობის, სხვისი დატყვევების, დაჩაგვრის სურვილის არარსებობაში! ანუ სიყვარულში, გაგებაში, ერთმანეთის პატივისცემაში! როცა შენში სიყვარული ცოცხლობს, შეუძლებელია ვინმეს დატყვევება მოგინდეს; როცა გიყვარს, გალიის გაკეთების აზრი არ მოგივა და ჩიტი თავისთავად თავისუფალი იქნება, შენ კი მისი ფრენა, მისი სიხარული გაგიხარდება. ნუთუ ამის გაგება ძნელია?
- შენ ისევ შენსას გაიძახი, ყველაფრის ხსნას მხოლოდ სიყვარულში ხედავ, შენი საშველი არ იქნება...
ამასობაში სახლში მივედით, ამიტომ ტრანსპორტიდან ჩასასვლელად მოვემზადე, რის გამოც ჩემი მყუდროება დაირღვა და ფიქრი გაწყდა...
მანქანიდან გადასვლისას წინა სარკეში ჩავიხედე...
ჩავიხედე და იქაც ,,ჩიტი" ვიხილე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა