სიახლეები და ღონისძიებები

ბლოგი ვოლ სტრიტის მგელის, მეთიუ მაკჰონაჰის შესახებ - რიჩარდ ურიადმყოფელი

ბლოგი ვოლ სტრიტის მგელის, მეთიუ მაკჰონაჰის შესახებ - რიჩარდ ურიადმყოფელი

ორშაბათი, 30 ნოემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

რიჩარდ ურიათმყოფელი:

ყველაფერი პარასკევს საღამოს უნივერსიტეტში დაიწყო. HR-ის ლექციის დროს ტელეფონზე დამირეკეს. აღმოჩნდა, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სლოგანის კონკურსის გამარჯვებულთა შორის მოვხვდი, ძალიან გამიხარდა და სიამაყის გრძნობა დამეუფლა. ჩემს ჯგუფელებსაც გავუზიარე ეს ამბავი და ჩემი სლოგანიც ვუთხარი: ''გაუღე კარი მომავალს'', ყველასგან მოწონება და წარმატების სურვილი დავიმსახურე. სახლში მისულმა მშობლებს ვახარე ეს ამბავი და გული სიხარულით მევსებოდა, როდესაც მათ თვალებს ვუყურებდი.

მეორე დღემ და ჩემს კლასელებთან შეხვედრამ უფრო დიდი ენერგია და სითბო გადმომცა. დადგა შაბათიც, დღე პირველი, დღე უკანასკნელი. საოცრად ნათელი დილა იყო. ქუჩები ცარიელი, თბილისი კი მშვიდი ჩანდა. ცხრას ათი აკლდა, გამოპრანჭული გოგო-ბიჭები ფილარმონიის შესასვლელთან ღიმილით იცქირებოდნენ, ზოგს გამოძინება ვერ მოესწრო და მორიდებულად ამთქნარებდა. კარი დაგვიანებით 10-ის ნახევარზე გაიღო, მოხალისე გოგონები თბილად და ყურადღებით გვხვდებოდნენ, აქვე იყო სტენდიც, სადაც დაუზარელი ფოტოგრაფები ყველას მოთმინებით უღებდნენ სურათებს. რამდენიმე ნაცნობი ვნახე, ხოლო შემდეგ ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანებლებსაც შევხვდი. დრო მალე გავიდა სიცილში და ტკბილ საუბარში. შესვლის დროც დადგა, ყველამ ჩვენი ადგილები დავიკავეთ. წამყვანმა რამდენიმე სიტყვით მოგვმართა, ხოლო შემდეგ სცენაზე გოგო გამოვიდა, რომელმაც მოულოდნელად ღიღინი დაიწყო (სცენა ფილმიდან ვოლ სტრიტის მგელი მეთიუ მაკჰონაჰი) ... მჰჰ ბამ ბამ ბამ ბამ გულზე ხელის ბრაგუნი, მჰჰ ბამ ბამ და უეცრად მივხვდი, რომ დაუფიქრებლად ყველა იგივეს აკეთებდა, დარბაზი სიმღერას აყვა.

მოლოდინი და მღელვარება იგრძნობოდა. ბოლოს ჩაირთო მუსიკა და აი, ისიც! ნამდვილი ვოლ სტრიტის მგელი, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ბროკერი, მარკეტინგის ღმერთი და ბესტსელერის ავტორი ჩვენს თვალწინ იდგა, ძალიან ენერგიულად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მისგან მომავალი დიდი ენერგია ყველას გადმოგვედო.

პირველ ნაწილში საუბარი ეხებოდა ზეგავლენის მოხდენას ადამიანებზე, მათთან ურთიერთობას, პირველი შთაბეჭდილების მნიშვნელობას (პირველი შთაბეჭდილება 5 წამში ხდება ხოლო მის შესაცვლელად დამატებით 5 შეხვედრაა საჭირო) იმიჯს და სწორად წარმართვას მოლაპარაკებების, იმას რომ ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს მთავარია სათანადო ცოდნა და მონდომება. დრომ მალე გაიარა, ინფორმაცია მნიშვნელოვანი და კარგად მოწოდებული იყო. ყავის შესვენებაზე დამსწრენი ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. მეორე ნაწილი იმით დაიწყო რომ დარბაზი ფეხზე წამოდგა და მაგიურ სიტყვას YES წარმოთქვამდა ჯორდანთან ერთად, თითქოს ცოტაც და საკონცერტო დარბაზი დაინგრეოდა. ასევე იღბლიანებს საჩუქრებიც ხვდათ ჯორდანისგან. მეორე ნაწილი გაყიდვების წარმართვის პროცესს შეეხო და იმ ნიუანსებს, რომელთაც სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ.

მოსაყოლი ბევრია თქვენი დრო კი ცოტა, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, რომ მცირედი ტექნიკური ხარვეზების მიხედავად, ძალიან კმაყოფილი, შთაგონებული და ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა ამ ღონისძიებას დავსწრებოდი.

ჩემს უნივერსიტეტს კი მადლობა, რომ მაჩუქა განსაკუთრებული დღე და შეუცვლელი ინფორმაცია, რომელზე შთამბეჭდავი მოგონებებიც სამუდამოდ თან გამყვება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა