სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს გუნდი „ხიდი“ UNI4VERSE-ის ფინალში იასპარეზებს

GAU-ს გუნდი „ხიდი“ UNI4VERSE-ის ფინალში იასპარეზებს

ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი საუნივერსიტეტო კონკურსის, UNI4VERSE-ის შიდა შესარჩევი ეტაპი გაიმართა.

შესარჩევი ეტაპის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა ჟიურის საკუთარი ინოვაციური იდეები და პროექტები წარუდგინეს. ჟიურის შემადგენლობაში, სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი ნატო ტორონჯაძე.

ჟიურის გადაწყვეტილებით, UNI4VERSE-ის ფინალში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს გუნდი „ხიდი“ წარადგენს.

წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა ფინანსური განათლება (FINEDU). მონაწილეები მუშაობენ ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებულ ხუთ რეალურ გამოწვევაზე და მათ გადასაჭრელად ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ქმნიან.

ფინალურ ეტაპზე გადასულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების (AI/ML), პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების (Software Development) და მეწარმეობის მიმართულებით დაგეგმილ ტრენინგებში. პროგრამა ასევე მოიცავს მენტორების მხარდაჭერასა და ინოვაციური იდეების პროტოტიპირებას FabLab-ის ლაბორატორიაში.

კონკურსის გამარჯვებული გუნდი 20 000-ლარიან გრანტსა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit-ზე გამგზავრების შესაძლებლობას მიიღებს.

UNI4VERSE მიზნად ისახავს სტუდენტებში ინოვაციური და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას, ტექნოლოგიური უნარების გაძლიერებასა და რეალური გამოწვევების გადასაჭრელად ახალი იდეების შექმნის ხელშეწყობას.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ულოცავს გუნდ „ხიდს“ ფინალურ ეტაპზე გადასვლას და წარმატებას უსურვებს კონკურსის დასკვნით ეტაპზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა