ქეთევან გაბელია

კურსდამთავრებული

ქეთევან გაბელია

ქეთევან გაბელია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
ანალიტიკოსი
კურსდამთავრებულები
2011

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ფინანსების მიმართულებით 2011 წელს დავამთავრე.

ბაკალავრიატზე სწავლის წლები ჩემს ცხოვრებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. გარდა იმისა, რომ სტუდენტი იღებს თეორიულ ცოდნას, ამ ასაკში იბადება ადამიანის შეხედულებები საქმიან სამყაროზე,  ყალიბდება პასუხისმგებლობის გრძნობა, ლიდერული თვისებები, ხდება საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების შეცნობა. მნიშნელოვანია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს გარემოში, სადაც არსებობს ხელისშემწყობი ფაქტორები. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, GAU აღმოჩნდა იდეალური გარემო ჩემი ჩამოყალიბებისთვის. ძირითადი წვლილი ლექტორებს მიუძღვით, რადგან ისინი აღძრავენ სტუდენტში მოტივაციას, რომ იყო შენი საქმის პროფესიონალი. არაერთი ლექტორი ჩემთვის სამაგალითოა და მათ აზრს დღემდე ვითვალისწინებ. ბაკალავრიატში სწავლის დროს სხვადასხვა სტუდენტურ გაერთიანებებში და აქტივობებში ჩართულობა სტუდენტს აძლევს დამატებით შესაძლებლობას გამოსცადოს თავისი თავი პრაქტიკული დავალებების შესრულებისას და გამოიმუშაოს გუნდური მუშაობის უნარი.

პირველი კურსის შემდეგ სტაჟირება გავიარე კერძო საკონსულტაციო კომპანიაში, სადაც რამოდენიმე თვე ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი სწავლასთან შეთავსებით; მეორე კურსის შემდეგ სტაჟირების კურსი ფინანთა სამინისტროშიც გავიარე. მესამე კურსზე სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე წამყვან საინვესტიციო ბანკში „გალტ ენდ თაგარტი“, სადაც ოთხი წლის განმავლობაში საშუალება მქონდა მონაწილეობა მიმეღო არაერთ საინტერესო პროცესსა თუ ტრანზაქციაში, როგორიცაა საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა, კაპიტალის ბაზრის ფინანსური ინსტრუმენტების განვითარება/განთავსება, ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება და სხვა.

ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად DAAD-ის სრული დაფინანსებით სწავლა განვაგრძე გერმანიაში, რაინ-ვაალის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში. სამაგისტრო პროგრამა არ აღმოჩნდა ჩემთვის ისეთი რთული, როგორსაც ველოდი, რადგან გამაჩნდა შესაბამისი მდიდარი საწყისი ბაზა, რომელიც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის დროს შევიძინე. ასევე მომეცა საშუალება GAU-ს ბაკალავრის პროგრამის გავლისას მიღებული ცოდნის დონე შემედარებინა სხვა საერთაშორისო სტუდენტების ცოდნის დონესთან, რის შედეგადაც კიდევ უფრო მეტად დავაფასე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და მისი ლექტორები.

მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მუშაობა განვაგრძე პაშა ბანკ საქართველოში, სადაც სამი წლის განმავლობაში საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის უდიდეს კორპორაციებთან მნიშვნელოვან ტრანზაქციებში, როგორც კორპორატიულ ბანკირს.

ამჟამად კარიერას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში ვაგრძელებ, სადაც ყოველდღიურად ვგრძნობ ჩვენს როლს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში.

წინ კიდევ არავინ იცის რამდენი რამ არის, მაგრამ ამ ყველაფრის საწყისი ჩემთვის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტია, სადაც გავატარე ყველაზე ხალისიანი სტუდენტური წლები და შევიძინე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები.

მას შემდეგ უნივერსიტეტიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და განვითარდა. დღეს GAU-ს სტუდენტებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი ზრდის შესაძლებლობები აქვთ. ვიმედოვნებ, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი კიდევ მრავალი თაობის სტუდენტისთვის იქნება გრძელი საინტერესო პროფესიული მოგზაურობის დასაწყისი და GAU წარმატებით გააგრძელებს ნაკისრი მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა