
პროექტის „OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ შემაჯამებელი კონფერენცია
პარასკევი, 25 აპრილი, 2025
2025 წლის 25 აპრილს პროექტის „OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც მომხსენებლებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე, პროექტის ფარგლებში შექმნილ გაიდლაინებსა და ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში OSTE-ს საპილოტე ვერსიის დანერგვის მნიშვნელობაზე.
პროექტის შემაჯამებელ კონფერენციას ესწრებოდენენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა და ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB)-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე. ასევე, სპეციალურად კონფერენციისთვის საქართველოს ესტუმრა გალფის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ლიდერშიფის და ინოვაციის ცენტრის დირექტორი დევიდ ტეილორი, რომელმაც ისაუბრა OSTE-ს, როგორც ობიექტური შეფასების მეთოდოლოგიის მნიშვნელობაზე.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივმა პროექტმა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) 2023 წლის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი აკადემიური პერსონალის სწავლების მეთოდებისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო. გარდა ამისა, კადრების მომზადების ახალი, თანამედროვე მიდგომების, როგორც აკადემიური განვითარების ინსტრუმენტის შემუშავება, რაც მნიშვნელოვანია მოდერნიზებული, ინტეგრირებული სასწავლო გეგმის სრულფასოვანი განხორციელებისთვის.