ინდოეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში გაუ-ს მედიცინის სკოლას ესტუმრა
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) მედიცინის სკოლას 17 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ამით კუმარ მიშრა.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა დაათვალიერა მედიცინის სკოლის შენობა და სასწავლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის კლინიკური უნარ-ჩვევებისა და სიმულაციური სწავლების ცენტრი, სასწავლო სივრცეები, OSCE/OSPE საგამოცდო ცენტრი და სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია. სტუმარს გააცნეს თანამედროვე სამედიცინო განათლების პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გარემო და პრაქტიკული უნარების განვითარების მექანიზმები.
ელჩი შეხვდა მედიცინის სკოლის დეკანს, ბატონ კარლო მათითაიშვილს, ვიცე-დეკანს, ბატონ ზაზა ხაჭიპერაძეს და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, ქალბატონ შორენა ტუკვაძეს. მხარეებმა განიხილეს სამომავლო ერთობლივი პროექტებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სამედიცინო განათლებისა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრა გამართა მედიცინის სკოლის ინდოეთის მოქალაქე სტუდენტებთან. მხარეებმა იმსჯელეს სტუდენტების მხარდაჭერასა და საელჩოს მხრიდან მათთვის შესაძლო დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
გაუ-ს მედიცინის სკოლის ხელმძღვანელების განცხადებით, მსგავსი ვიზიტი და შეხვედრები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და ინდოეთს შორის აკადემიური და საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარების გზაზე.