საქართველოს თანამედროვე განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სამშენებლო დარგს, რომლის აღმავლობისათვის საჭიროა ისეთი თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლა, რომელიც საშუალებას მისცემს ინჟინერიის ბაკალავრს აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო, სამრეწველო, ჰიდროტექნიკურ, საგზაო-სატრანსპორტო დანიშნულების შენობა-ნაგებობათა დაპროექტებაში, აგებაში, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული სამუშაოების ჩატარებაში. კურსდამთავრებული კონკურენციას გაუწევს ანალოგიური პროფილის უცხოელ სპეციალისტებს  საერთაშორისო ბაზარზე. შეძლებს უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან კომუნიკაციას და ერთობლივ საქმიანობას. 

პროგრამა საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულს იყოს კონკურენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული.

საბაკალავრო პროგრამის მიზანია გამოუმუშაოს სტუდენტებს:

  • სისტემური შეხედულება სფეროზე, კომპიუტერულ და სამშენებლო ტექნოლოგიებზე, მათი შექმნისა და ანალიზის პროცესებზე;
  • კომპიუტერული და სამშენებლო ტექნოლოგიების ძირითადი მეთოდების ღრმა ცოდნა, ამ მეთოდების ფართო გამოყენება;
  • პრაქტიკულ პროექტებში მონაწილეობის უნარ-ჩვევები;
  • კომპიუტერული და სამშენებლო ტექნოლოგიების ინტენსიურად განვითარების გარემოში ადაპტაციის უნარი;
  • ახალი სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების მშენებლობაში გამოყენების უნარი და პრაქტიკული ცოდნა, სწრაფი ორიენტირების და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • არქიტექტურული ფორმების ჩამოყალიბებასა და ინჟინრულ აზროვნებას შორის კავშირის დამყარების უნარი;
  • სამრეწველო თუ სამოქალაქო ნაგებობებისათვის ოპტიმალური კონსტრუქციული სქემების საერთაშორისო ნორმებითა და გამოთვლითი კომპლექსების გამოყენებით გაანგარიშების და დაპროექტების, აგრეთვე მათ განხორციელებაში მონაწილეობის უნარი.

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის უმთავარესი ამოცანაა იზრუნოს სტუდენტების დასაქმებაზე. ამასთან, უზრუნველყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის მოქნილი აკადემიური კალენდარი, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას ერთმანეთთან შეათავსონ სწავლა და მუშაობა.


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა.

ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.

GAU-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი. 

ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად.

პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა იყოფა შემდეგ კომპონენტებად:

  • სავალდებულო სასწავლო კურსები - 225 კრედიტი (მათ შორის კვლევითი/საბაკალავრო კომპონენტი 18 კრედიტი)
  • არჩევითი საგნები - 15 კრედიტი (მათ შორის თავისუფალი კომპონენტი 12 კრედიტი)

პროგრამა მობილობის და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს - 12 კრედიტის მოცულობით, რომლის  დაგროვებაც სტუდენტს შეუძლია:

  • ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  


ინფორატიკის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სწავლის საფასური - 2019-2020 სასწავლო წელი

GAU-ში ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 2,700* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 2,700 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი*


დაფინანსება - 2019-2020 სასწავლო წელი

1. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:
GAU-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.

2. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მათ შორის რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითად დარიცხულ თანხას ვაკლებთ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ვაკლებთ 50% რეიტინგის ფასდაკლებას და ვაკლებთ დარჩენილი თანხის 20%-ს - ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლებას;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.*

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამარ ჭელიძე

თამარ ჭელიძე

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 555 326 009
(+995 32) 220 65 20 (205)
tamarchelidze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა